Home ბლოგი ერთი თვე გავიდა და წნორელებს სასმელი წყალი ისევ არ აქვთ

ერთი თვე გავიდა და წნორელებს სასმელი წყალი ისევ არ აქვთ

26 დღეა, წნორელებმა არ ვიცით, როდის გვექნება სასმელი წყალი- წერს სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი.

არსებულ პრობლემაზე ის ადგილობრივ ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს მოსახლეობის ინფორმირებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ადგილობრივებს ჯერ კიდევ 26 დღის წინ აცნობეს, რომ სასმელ წყალში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა და საკითხს უახლოეს დღეებში შეისწავლიდნენ, თუმცა, როგორც აქტივისტი წერს, ამ დრომდე მოქალაქეებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

მოლაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ, რომელიც მისი ინფორმაციით, წარმოშობით წნორიდან არის.

ასევე მმართველი გუნდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დუმილის გამო და სვამს კითხვებს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებისთვის, უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებაზე.

აქტივისტი ასევე ითხოვს ყველა ადგილობრივი წყაროს წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების გასაჯაროებას და მოსახლეობის ინფორმირებას, რომელი წყლის გამოყენებაა უსაფრთხო.

„რატომ არ გვეცნობება წნორელებს ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რა ხდება სასმელ წყალთან დაკავშირებით?!“- წერს ქეთი მოლაშვილი.

წნორის 24 საათიანი წყალმომარაგების მოწყობაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯა.