დედოფლისწყაროს ორ საჯარო სკოლაში ჩუტყვავილას შემთხვევები გამოვლინდა – დაფიქსირდა მუნის სამი შემთხვევაც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, მუნით ინფიცირების ორი ფაქტი ერთი ოჯახის წევრებს უკავშირდება, მესამე კი ცალკეული შემთხვევაა.
ლალი ალადაშვილის თქმით, სკოლების ექიმებმა საკლასო ოთახებში დეზინფექცია ჩაატარეს და სხვა მოსწავლეების მონიტორინგი მიმდინარეობს.
ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. ახასიათებს სიცხე, ქავილი და კანზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარი.
მუნი კი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს კანში ჩაბუდებული მიკროსკოპული ტკიპა. ახასიათებს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით.
ჩუტყვავილა გასულ წელს სოფელ ზემო მაჩხაანშიც გამოვლინდა. რაც შეეხება მუნს, ეპიდემიოლოგის თქმით, წინა თვეებში შემთხვევები თბილისის სკოლებშიც დაფიქსირდა და არსებობდა მისი ფართოდ გავრცელების მოლოდინი.
„მოვუწოდებ სკოლების, ბაღებისა და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს, დაიცვან ჰიგიენური წესები და სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს“,- თქვა ლალი ალადაშვილმა.







