თელავში, მე-8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შალაურის მიმართულებით მიმავალ გზაზე არსებული მდგომარეობით ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მათი ინფორმაციით, გარკვეული მონაკვეთი გადათხრილია, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და ასფალტის საფარის დაგების პროცესი ჭიანურდება.
მათი თქმით, დაზიანებული გზა პრობლემას უქმნის როგორც მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან მოსწავლეები, რომლებსაც სკოლაში ყოველდღიური გადაადგილება უწევთ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ გზაზე მოძრაობა კიდევ უფრო რთულდება ნალექის დროს. ისინი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, გზაზე დროულად დააგონ ასფალტის საფარი.
„თუ გაკეთებას ვერ ახერხებდით, რაღას გადათხარეთ?! როდის დააგებთ ასფალტს?“- მიმართავენ მოქალაქეები პასუხისმგებელ პირებს.







