Home ბლოგი მაღალი მოცულობის ბუნებრივი აირის მომხმარებელი ოჯახებისთვის შესაძლოა შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდეს

მაღალი მოცულობის ბუნებრივი აირის მომხმარებელი ოჯახებისთვის შესაძლოა შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდეს

მაღალი მოცულობის ბუნებრივი აირის მომხმარებელი ოჯახებისთვის შესაძლოა შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდეს.

ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი უფლებამოსილება კომისიას საშუალებას მისცემს, ბუნებრივი აირის ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადიფერენციროს.

ნარმანიას თქმით, შედარებით დაბალი ტარიფი შესაძლოა მცირე მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შენარჩუნდეს, ხოლო მაღალი მოხმარების მქონე, უფრო შეძლებულმა ოჯახებმა, მათ შორის მათ, ვინც ბუნებრივ აირს საცურაო აუზების გასათბობად იყენებს, უფრო მაღალი ტარიფი გადაიხადონ.

„- მცირე რაოდენობას ვინც მოიხმარს, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., მათთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ საცურაო აუზები და ათბობენ ამ აუზებს ბუნებრივი აირით, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი“,- განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სემეკს უფლება ექნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

ეს უფლებამოსილება წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში 2038 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.