ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ბრალდებულები ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე აიყვანეს.
ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.














