კახეთში მევენახეების პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილებები შევიდა.
აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ყურძნის ჩაბარება დაიწყეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, იმ საწარმოსთან, სადაც მევენახეების აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ მევენახეებს ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და ყურძნის ჩაბარების პროცესის დაწყება შესთავაზეს.
„- დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს კონდიციურობის მიხედვით ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილების შეტანას.
ამის ნათელი დადასტურებაა შესაბამისი ზომების მიღება, რათა მოსახლეობა არ დაზარალდეს და ამასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხი იყოს დაცული.
დღეიდან ახალი რეგულაციებით აქტიურად გაგრძელდება ყურძნის ჩაბარების პროცესი ღვინის ქარხნებში“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
მევენახეები ახალ, დიფერენცირებულ ფასებს დათანხმდნენ. ხოლო საწარმოებმა, სადაც პროტესტის გამო ყურძნის მიღება შეჩერებული იყო, მუშაობა განაახლეს














