ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი, გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, 21 სექტემბრიდან დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისი ნებით არ მიუღია.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
“- მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება.
ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია.
ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.
ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.
თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს.
პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის”,-
წერს გიორგი სულამანიძე, სოციალურ ქსელში.














