Home ბლოგი საგარეჯოში მოქალაქეები ქალაქის სისუფთავესთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ

საგარეჯოში მოქალაქეები ქალაქის სისუფთავესთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ

საგარეჯოში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის შესასვლელთან არსებული ნაგავსაყრელისა და ქათმის ფერმებიდან გავრცელებული მძაფრი სუნის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ და შესაბამის უწყებებს პრობლემის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ქალაქში ავტობანის მიმართულებიდან შემოსულებს, ნაგავსაყრელიდან გავრცელებული უსიამოვნო სუნი, დიდი რაოდენობით დაგროვილი ნარჩენები და ყვავებით დაფარული ტერიტორია ხვდებათ.

„არ შეიძლება ქალაქის სავიზიტო ბარათი ნაგავსაყრელის სუნი იყოს. ეს საგარეჯოს ერთ-ერთი მთავარი შესასვლელია და ასეთი სურათი მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ადგილობრივებზე, ისე სტუმრებზე“, – წერენ მოქალაქეები.

მათი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც ნაგავსაყრელის სიახლოვეს ცხოვრობენ.

ადგილობრივების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ქათმის ფერმებიდან გავრცელებული მძაფრი სუნი, რის გამოც, დილისა და საღამოს საათებში ფანჯრების გაღებაც კი უჭირთ.

მათთვის უცნობია, აკმაყოფილებს თუ არა ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ და სანიტარიულ მოთხოვნებს, ჩატარებულია თუ არა ჰაერის ხარისხის შემოწმება და რამდენად უსაფრთხოა არსებული გარემო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

მოქალაქეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, შეისწავლონ არსებული მდგომარეობა, ჩაატარონ ჰაერის ხარისხისა და სანიტარიული პირობების შემოწმება და შედეგები საზოგადოებას საჯაროდ გააცნონ.