Home ბლოგი ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი სოფელ ყარაჯალის მოსახლეობაზე წერს

ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი სოფელ ყარაჯალის მოსახლეობაზე წერს

ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი სოციალურ ქსელში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლებს მადლობას უხდის, რომლებიც სტიქიის პირველივე დღეებიდან ქალაქში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა ყარაჯალელი მოხალისეები დილიდან გვიან საღამომდე სტიქიის ზონაში მუშაობენ და გაწმენდით სამუშაოებში ცოცხალი ძალით მონაწილეობენ.

„თელავის ყარაჯალა უკვე თითქმის 400 წელია ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენი მოძმე, ეროვნებით აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალაქის სიყვარული ეროვნებას არ ცნობს.

უკვე მერამდენე დღეა, დილით საკუთარი ნიჩბებით მოდიან, მთელი დღე დაუღალავად შრომობენ, სტიქიის კვალს შლიან და ცდილობენ, თელავი ისევ ისეთი ლამაზი გახადონ, როგორიც იყო.

ყარაჯალელმა ძმებმა საქმით გვაჩვენეს, რომ თელავი ყველას საერთო სახლია და მისი ტკივილიც ყველას ერთნაირად სტკივა“,- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.