ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს, ნოდარ ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩაჩუას ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის კოკაინის, უკანონოდ შეძენა-შენახვაში რეალიზაციის მიზნით და ასევე რეალიზაციაში.
უწყების ცნობით, მას მეთადონისა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის უკანონოდ შეძენა-შენახვასაც ედავებიან.
საქმეზე დაკავებულია მისი მეუღლე, ყოფილი ჟურნალისტი, ლალო ბერია. პროკურატურის ინფორმაციით, მას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან.
ჩაჩუასთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახით 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო და ტელევიზია 2024 წლის ნოემბერში დატოვა.
ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის შესაძლო ფაქტზე 2018 წელსაც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.













