დღის ამბებიისტორია

როგორ დაიტირა ლადო გუდიაშვილმა ნიკო ფიროსმანი

გუდიაშვილის ნახატის ისტორია

ლადო გუდიაშვილი რამდენჯერმე შეხვდა ნიკო ფიროსმანს. მხატვარი შეძრა კიბის ქვეშ მცხოვრები გენიოსის ბედმა. ბავშვები ქვებს ესროდნენ, მედუქნეებს არაფერი გაეგებოდათ მისი შემოქმედებისა, ჭიქა არაყსა და მწირ საუზმეზე ეპატიჟებოდნენ გულმოწყალების გამო.

სნეული გენიოსი უღონოდაა მიგდებული თავსესაფარში. ხელში ფუნჯი აქვს შერჩენილი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ხატავდა… ბოთლში ცოტა ღვინო და ჭიქა – ესეც ლადო გუდიაშვილის რეალურად ნანახი სურათია. ნიკალას ფეხებთან მისი ორი მშვენიერი, ძალიან ცნობილი ტილოა. უფანჯრო კედელს ფანჯარასავით ადგას ნათელი ტილო, რომელიც ფიროსმანის არცერთ ნახატს არ ჰგავს: ეკლესია და თეთრი ცხენები… ეკლესია დგას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ბურჯი ფიროსმანის ცხოვრებაში.

მხატვარი ნიკო ფიროსმანი არ დაუმძიმებია ამქვეყნიურ ბოღმასა და მიწიერ სიმდიდრეს. ამიტომაც ანთია მის ოთახში თეთრი ეკლესია. ცხენები თავისუფლების სიმბოლოა. ამ უმწეობამდე მისულ სიღატაკეში თავისუფალი სული ნავარდს არ წყვეტდა…

ლადო გუდიაშვილმა დაიტირა ნიკო ფიროსმანი, როცა ამ მიწურის შუაგულში სკამზე მეწამული ტილო გადაფინა. ამ მეწამულ ტილოსა და თეთრ ეკლესიას, რომელიც სანთელივითაა გამჭვარტლული ლამფის ფონზე, გონებით ქრისტესკენ მივყავართ – იქ, სადაც „მართალნი განისვენებენ“.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close