ისტორია

ვის ეკუთვნოდა სოფელ ართანაში სპილენძის მადანი?!

მკვლევარი ნიკა ყარალაშვილი სოციალურ ქსელში რუკას აქვეყნებს. რუკაზე მონიშნულია ადგილი სოფელ ართანაში, სადაც სპილენძის მადნეული მოიპოვებოდა.

მადნეულის საბადოს არსებობსასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა მკვლევარი გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილ მასალას იშველიებს: სამთო განყოფილების გეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ინჟ. კანიუშევსკი, თელავის მაზრაში ახოტის წყალთან სოფ. ართანიდან 12 ვერსის დაშორებით, აღმოაჩინა მაღალ ღირსების სპილენძის მადნეულობის ახალი მარაგი. დღემდე ამ მადნების არსებობის შესახებ ცენტრში არ მოიპოებოდა დაწვრილებითი და სწორი ცნობები. სპეციალისტების აზრით, სპილენძის ამ მადანში 15 პროცენტი იქნება წმინდა სპილენძი, მაშინ, როდესაც ალავერდის მადანი იძლევა არა უმეტეს 5-6 პროცენტისა. ძველი დროიდანვე ადგილობრივ დაუმზადებიათ ათი ათასი ფუთი დამუშავებულის სპილენძის ქვა. გეოლოგიური ექსპედიციის განსაკუთრებული კომისია ამჟამად ახდენს მადნების ფენათა გამოკვლევას და იქ წარმოების მოსაწყობათ შესაფერისი პირობების შესწავლას. /კომუნისტი, N155, 1926 ./

ნიკა ყარალაშვილის ცნობით, რუკაზე მონიშნული ადგილი, სადაც მადნეული მოიპოვებოდა, თავად ყარალაშვილებს ეკუთვნოდათ.

მდინარე ოხოტისწყალი მდინარე სიფთისხევის მარჯვენა შენაკადია, რომელიც თავის მხრივ სოფელ ართანაში ჩამომავალ მდ. დიდხევს უერთდება. 1899 წლის ცნობაში წერია, რომ ყარალაშვილებს კავკასიონის მთაგრეხილის ერთი ნაწილი ეკუთვნით, სადაც სპილენძის მადანიაო. მდ. ოხოტისწყალი კი ნამდვილად იღებს სათავეს მთავარი წყალგამყოფი ქედიდან. რუკაზე მონიშნული ტერიტორია უნდა იყოს ყარალაანთ მადანი, რომელიც ქაჯი ბოლშევიკების დროს კიდევ ერთხელ შეუსწავლიათ. ეს ადგილი ყარალაშვილებმა, შესაძლოა, გაცილებით ადრე დაუთმეს: ართანისა და სანიორის გლეხობა წითელი ალმით მიუცვივდნენ თავად ყარალაშვილებს, ტყემინდორი უნდა დაგვითმოთო და იმათაც მოუწერეს ხელი თქვენი იყოსო…“ – წერს მკვლევარი.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close