თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში ნაგავსაყრელის პრობლემის გამო, საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მოსახლეობამ დილით გზა გადაკეტა და ნაგავსაყრელის დახურვა და ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანა მოითხოვა.
აქციის მონაწილეებთან ადგილზე ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, თელავის მერი, ვაჟა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
როგორც მათ მოსახლეობას განუცხადეს, სუნის შესამცირებლად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიწის დაყრა დაიწყება.
დაახლოებით ერთ თვეში კი არსებული ნაგავსაყრელის დალუქვა იგეგმება, თუმცა, მანამდე და შემდგომ პერიოდშიც, ნარჩენების განთავსება მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება.
ხელისუფლების განმარტებით, ნაგავსაყრელის პრობლემის სრულად მოგვარებასა და მისი გაუქმების პროცესს მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
მოსახლეობა ამ შეთავაზებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ნაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა საკითხს ვერ მოაგვარებს.
გულგულელები ნაგავსაყრელის პრობლემაზე წლებია ჩივიან.
მათი თქმით, ტერიტორია სოფლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საცხოვრებელ გარემოზე უარყოფითად აისახება.














