Home ბლოგი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე, გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს აღარ დაიცავენ

ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე, გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს აღარ დაიცავენ

ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე, გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს აღარ დაიცავენ.

ადვოკატები განმარტავენ, რომ “აგარანის მამულში” მომხდარი ინციდენტის გამო, მათი თავდაპირველი მიზანი ჭიღლაძის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც.

„მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები“, – აცხადებენ ადვოკატები.

მათი განმარტებით, როდესაც საქმისთვის აუცილებელი მითითებები კლიენტის მხრიდან არ სრულდება, ეს დაცვის ეფექტურად განხორციელებას ხელს უშლის და ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

„ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ ხალხსა და ჟურნალისტებს, რომლებიც, მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჭიღლაძის გვერდით იდგნენ და მისი გათავისუფლების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

მათ ასევე მადლობა უთხრეს სასტუმრო „აგარანის მამულის“ ხელმძღვანელობას, რომელმაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას, ადვოკატებს სასტუმროს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების შეუფერხებლად ჩატარების შესაძლებლობა მისცა.

გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს, სოფელ რუისპირში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქორწილის მონაწილეებს რუსულენოვანი ქალები სითხეს ასხამდნენ, რასაც ერთ-ერთ ქალსა და ჭიღლაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ბრალდებული 20 ივლისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.