დედოფლისწყაროში, ბაზრის მიმდებარედ არსებული გზის მდგომარეობა ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.
მათი თქმით, მონაკვეთზე გადაადგილება როგორც ავტომობილით, ისე ფეხით, რთულია.
„- ბაზრის ტერიტორიას რამე ეშველება? ვის კომპეტენციაში შედის მაგ გზის მოწესრიგება? ორმოში თუ ჩავარდი, ვეღარ ამოხვალ, სირცხვილია, რა გახდა ამ ადგილის მოწესრიგება. ტრანსპორტით კი არა, უკვე ფეხით გადაადგილებაც ჭირს. დავიჯერო, მარტო მე მაწუხებს და მხოლოდ ჩემთვისაა პრობლემა?“- წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
პოსტს მოქალაქეების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი აღნიშნავს, რომ გზის მდგომარეობა ავტომობილების დაზიანების რისკს ქმნის.
„მე პირადად მანქანით არასდროს შევდივარ, თორემ წინა მხარე მთელი ვერ გამომაქვს”,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ადგილობრივების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზამთარში რთულდება, როდესაც ორმოებში წყალი გროვდება და გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.
დედოფლისწყაროელები ამბობენ, რომ ტერიტორიის უსაფრთხოდ და სათანადოდ მოწესრიგებისათვის პასუხიმგებლობას უნდა აიღოს იმ უწყებამ, ვისაც კონკრეტულად ევალება.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გააკეთებს, მთავარია მოწესრიგდეს, რომ სადმე არ ჩაიჩეხოს ადამიანი ან ავტომობილი არ დაზიანდეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.














