ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში 18 ნოემბერს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. გადადების მიზეზებზე საუბრისას, ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, რომ გიორგი შველიძისთვის დანიშნული ექსპერტიზების პასუხები ჯერ მიღებული არ არის და საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება.
აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურორმა განაცხადა, რომ აღებული დნმ-ის ნიმუში და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები შველიძის ბრალეულობას ადასტურებს.
მკვლელობა 21 სექტემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სავარაუდოდ, ფარულად შეაღწია ელიკო ასაბაშვილის საცხოვრებელ სახლში და 85 წლის ქალს მისსავე საძინებელში, ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
23 წლის გიორგი შველიძე წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი. პროკურორის განმარტებით, ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის ჩადენის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული







