დღის ამბები

ფინანსური პიროვნების 6 ტიპი – რომელი ხართ თქვენ?

ფინანსური პიროვნების 6 ტიპი - რომელი ხართ თქვენ?

ფინანსური მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღებისას არ უნდა დავუშვათ, რომ მათზე გავლენა ემოციებმა იქონიოს. ჩვენ ფულსა და ფინანსებზე დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდება იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ გეგმავენ ფინანსებს ჩვენი მშობლები.

ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ ჩვენს ფინანსურ თვისებებს, რადგან დაგეგმარებაზე გავლენას სწორედ მიზნები, პრიორიტეტები და ფულთან ჩვენი ურთიერთობა ახდენს. რაც უფრო მეტად შევიცნობთ ჩვენს ფინანსურ თვისებებს, მით უფრო გაგვიადვილდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

გამოცემა The Financial Times გამოყოფს პიროვნების 6 კატეგორიას მათი ფინანსური ფსიქოლოგიის მიხედვით.

ინვესტიციებით მოთამაშე

ინვესტიციებით მოთამაშეებს უყვართ გარისკვა და სიამოვნებით ფულის გამომუშავება კრიპტოს, ყოველდღიური ვაჭრობისა და მაღალ რისკიანი გზებით. როგორც წესი, ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და მაღალი გადასახადებიც აქვთ ხშირი ვაჭრობის გამო. ისინი ყოველთვის დიდ ლუკმას ეძებენ.

ინვესტიციებით მოთამაშეები მიდრეკილები არიან მოქმედებისკენ და ამის გამო ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამ ტიპის ინვესტიციის სწრაფი ტემპისა და ჯილდოების წყვეტილი ხასიათის გამო ის წააგავს აზარტულ თამაშებს და შესაძლოა, დამოკიდებულებაც გამოიწვიოს.

ამ ტიპის ფინანსური პიროვნებები კმაყოფილებას ინვესტიციების მეშვეობით იღებენ, რაც პოზიტიურია, თუმცა საჭიროა რისკების მართვა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება. მათ ბალანსის პოვნა ბიუჯეტის ფრთხილად შედგენით ან ფინანსური მრჩევლის დახმარებით შეუძლიათ, რათა დარწმუნდნენ, რომ საკუთარ სახსრებს სათანადოდ ანაწილებენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ინვესტიციებსა და ხარჯებზე.

შემგროვებელი

შემგროვებლები არ რისკავენ და კონსერვატიული ტიპის ინვესტიციებსაც კი ნაღდი ფულის დაგროვება ურჩევნიათ. ისინი ინახავენ თანხას ანაბრების სახით ნაცვლად საპენსიო დანაზოგში ინვესტირებისა. ცხადია, მნიშვნელოვანია, მოულოდნელი სიტუაციებისთვის დანაზოგი გვქონდეს, თუმცა ექსპერტები ინვესტირებასაც გვირჩევენ.

ამგვარი ტიპის ადამიანები, შესაძლოა, იზრდებოდნენ ოჯახებში, რომელთაც ფინანსურად უჭირდათ ან არ ენდობოდნენ ფინანსურ ინსტიტუციებს, რამაც მათ ჩამოუყალიბდათ ხედვა, რომ ფიზიკურ ფული რისკის ქვეშ არაა. ექსპერტები შემგროვებლებს ურჩევენ, იმუშაონ ფინანსურ მრჩეველთან, რომელიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

სოციალური მხარჯველი

ეს კატეგორია ფულს საკუთარ თავს და სხვებს ახარჯავს იმ მიზნით, რომ სოციალური სტატუსი, კაპიტალი მოიპოვოს. მაგალითად, გადაიხადონ ანგარიში რესტორანში და ამით საკუთარ ხელგაშლილობას გაუსვან ხაზი, სიამოვნება მიიღონ ამ სტატუსითა და რეპუტაციით.

ხელგაშლილ ადამიანად გამოჩენის სურვილი, ცხადია, ცუდი რამ არაა, თუმცა, ამგვარი ტიპის პიროვნებები ხშირად ემოციებს ეყრდნობიან, რაც გრძელვადიანი ფინანსური გეგმიდან ამომხტარია. სოციალური მხარჯველებისთვის აუცილებელია ბიუჯეტის შედგენა და გეგმის მიხედვით მოქმედება. თუ ყოველ თვეში გამოყოფ კონკრეტულ თანხას ამ მიზნისთვის და მეტს არ დახარჯავთ, შეგიძლიათ დაკმაყოფილდეთ მეგობრებისთვის საჩუქრების ყიდვითაც და საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობასაც არ შეუქმნათ საფრთხე.

მფლანგველი

ისევე როგორც სოციალური მხარჯველები, მფლანგველებიც თვითშეფასებას შოპინგითა და სხვადასხვა ნივთის ყიდვით იღებენ. ისინი სოციალური სტატუსისთვის მზად არიან იყიდონ უახლესი თაობის „აიფონი“ თუ ცინცხალი ფეხსაცმელი და ამას აკეთებენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მათი გეგმის ფარგლებს სცდება.

სიმართლე კი ისაა, რომ ახალი ტანსაცმელი თუ მანქანა ნამდვილად გვიმაღლეს თვითშეფასებას, თუმცა ეს მხოლოდ დროებითია. გამჭრიახი გადაწყვეტილებების მისაღებად კი აქაც ბიუჯეტი შედგენაა საჭირო, ასევე ზრუნვა მაღალ-პროცენტიანი სესხების გასასტუმრებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფინანსურ მრჩეველთან მუშაობა და იმგვარი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მათ სურვილებზე და მიზნებზე სათანადოდ იქნება მორგებული

ფინანსური მგეგმავი

ფინანსური მგეგმავები იყენებენ ყველა შესაძლო ხელსაწყოს მენეჯმენტისთვის – პროგრამებს, აკონტროლებენ ხარჯებს, ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებენ მათ. ამგვარ ადამიანებს ცხრილების მოსაწესრიგებლადაც კი დამატებითი ცხრილები აქვთ. არც ამაშია რაიმე ცუდი, მაგრამ ბევრისთვის ეს ხშირად ობსესიურ ხასიათს იღებს.

მიუხედავად ამისა, მაინც უკეთესია, საჭიროზე მეტი დრო დაიხარჯოს ფინანსების მენეჯმენტზე, ვიდრე ნაკლები. თუკი დაგეგმვაზე ზედმეტი დროის ხარჯვა დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ, გამოყოთ კონკრეტული დრო ყოველ კვირაში საკუთარი ფინანსების მენეჯმენტისთვის და მეტი დრო დაგრჩეთ სხვა ინტერესებისთვის.

სირაქლემა

სირაქლემები საკუთარ ფინანსებზე ფიქრს მიწაში თავის ჩარგვას ამჯობინებენ. ზოგიერთი ადამიანი ცუდი არჩევანის გაკეთების შიშით გადაწყვეტილებას საერთოდ არ იღებს, სხვები კი მთლიანად საკითხს გაურბიან. ამგვარმა ადამიანებმა შესაძლოა საკუთარ ფინანსებზე კონტროლი მრჩეველსა თუ მენეჯერს გადასცენ და თვითონ არც კი შეამოწმონ.

ბევრ მათგანს არ ჰქონია შესაძლებლობა ძლიერი საძირკველი ჩაეყარა პერსონალურ ფინანსებში და არ სურთ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, თუ ამ ბლოგს კითხულობთ, თქვენ უკვე მეტი რამ იცით პერსონალურ ფინანსებზე. ცხადია, ამით არ უნდა დაკმაყოფილდეთ, კიდევ უფრო მეტი დრო გამოყოთ განათლებისთვის და არც ფინანსურ მრჩეველთან გასაუბრება უნდა დაგავიწყდეთ.

ფინანსური მენეჯმენტი და თქვენ

პიროვნების ეს 6 ტიპი, რა თქმა უნდა, ზოგად არქეტიპებს წარმოადგენს და მოყვანილი მაგალითებიც რადიკალურია. რეალობაში კი ადამიანთა უმეტესობა ამ არქეტიპების ნაზავს წარმოადგენს. საკუთარი ფინანსური თვისებების ცოდნა კი, შესაძლოა, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაკვირვებასა და უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ. ეს კი მნიშვნელოვანი ნაწილია ფინანსური გაძლიერებისკენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close