დღის ამბები

კიდევ ერთი რეკორდული წელი – სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48 მლრდ-ს აღწევს

კიდევ ერთი რეკორდული წელი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48 მლრდ-ს აღწევს

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულად იზრდება. 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 47.938 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 15.847 მლრდ ლარით, 2019 წელთან შედარებით კი 22.078 მლრდ ლარით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 32%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო, 2019 წელს კი 23,7%.

როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს – საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 9 868 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 1 881 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 93 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2021 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 150.4 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 32% შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის – 36.4%-ით (54.678 მლრდ ლარის ბრუნვა 2021 წელს).

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close