Home ბლოგი მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში დაკავებული ნევროლოგის საქმეს ეხმაურება

მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში დაკავებული ნევროლოგის საქმეს ეხმაურება

მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში დაკავებული ნევროლოგის საქმეს ეხმაურება. ადვოკატი წერს, რომ ექიმისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო არაპროპორციულად მაღალია. ის საქმეში დანაშაულის პროვოკაციის შესაძლო ნიშნებზე საუბრობს.

კუბლაშვილი მაია კოხტაშვილის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და აცხადებს, რომ ბრძოლა გამამართლებელი განაჩენისთვის გაგრძელდება.

“- მაია ექიმის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისასალმებელია, თუმცა 50 000 ლარის გირაო, შეუსაბამოდ მაღალი და არაპროპორციულია. გირაო თავისუფლების რეალური ალტერნატივა უნდა იყოს და არა ფინანსური ბარიერი.

ამ საქმეში ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: ხომ არ იკვეთება დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები? თუ ექიმთან მისულმა პირმა მოუყვა ლოგინად ჩავარდნილ, გაუსაძლის ტკივილებში მყოფ მოხუცზე, სთხოვა დახმარება და სწორედ ამ გზით მიიყვანა ექიმი იმ მოქმედებამდე, რომელიც შემდგომ ბრალდების საფუძველი გახდა – ეს გარემოება სერიოზულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

და ადამიანურადაც: როდესაც ექიმს გაუსაძლის ტკივილებში მყოფი მოხუცის დახმარებას სთხოვენ, რა უნდა გადაწონიდეს, საკუთარი უსაფრთხოების შიში თუ ადამიანის ტკივილის შემსუბუქებისა და დახმარების სურვილი? სასწორზე ადამიანის სიცოცხლე ან პირადი უსაფრთხოება დგას, რომელია უპირატესი? …იქნებ საკუთარი რისკის გვერდზე გადადება სხვის დასახმარებლად სწორედ ექიმის ადამიანურ და პროფესიულ ბუნებაზე მეტყველებს და არა დანაშაულებრივ განზრახვაზე?

აქ კიდევ ერთი პრინციპული სამართლებრივი ზღვარია: რეცეპტის გამოწერის წესის შესაძლო დარღვევა თავისთავად არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობით ყალბი რეცეპტის განზრახ დამზადებას ან გასაღებას. კონკრეტულ საქმეში დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელი ნიშანი უნდა არსებობდეს და სათანადოდ შეფასდეს ექიმის განზრახვაც.

მაია ექიმის მიმართ ჩემი მხარდაჭერა უცვლელია. თანხა შეგროვდა და ის დაუბრუნდება ოჯახს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდება გამამართლებელი განაჩენისთვის.

კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს!”- წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში.