Home ბლოგი დედოფლისწყაროში მცხოვრები მაკა მენთეშაშვილი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს

დედოფლისწყაროში მცხოვრები მაკა მენთეშაშვილი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს

დედოფლისწყაროში მცხოვრები მაკა მენთეშაშვილი, მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს.

მისი თქმით, ოთხი წლის წინ, წინასაახალწლოდ, კერძო იპოთეკარმა სამი მცირეწლოვანი შვილით საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა.

მენთეშაშვილი ამჟამად ბიძაშვილის სახლში, დროებით ცხოვრობს. მას მოლოდინი ჰქონდა, რომ უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფდნენ.

საკითხზე ოფიციალური განცხადებაც დაწერა, თუმცა პროგრამის დასრულების მიუხედავად, ოჯახს არავინ დაკავშირებია.

ქალი ამბობს, რომ თავად მიმართა სოციალურ სააგენტოს, უფროსი შვილის სოციალურად დაუცველთა ოჯახის სიიდან ამოღების მოთხოვნით, რადგან შვილი თბილისში სასწავლებლად წავიდა და მიაჩნდა, რომ ეს გარემოება უწყებას უნდა გაეთვალისწინებინა.

თუმცა, ხელახალი გადამოწმების შემდეგ, სოციალური დახმარება მთლიანად შეუწყდათ.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი კომუნალური გადასახადები გახდა. ოჯახი ზამთარში ბუნებრივ აირში თვეში დაახლოებით 200 ლარს იხდის, რაც, მისი თქმით, სოციალური ქულის ზრდაზე აისახა. ასევე, ქულის გაანგარიშებისას გაითვალისწინეს იმ სახლის ფართობი, სადაც ოჯახი დროებით ცხოვრობს.

„და ყველაზე მთავარი, თუ რამე კიდევ გამაკვირვებდა, აღარ მეგონა. თურმე აღარ გვეკუთვნის დახმარება ოჯახს. ნუ, აქაც პროგრამა ითვლის კომუნალურებს და გაზს, რომ ზამთარში ბევრს მოიხმარ (თვეში 200 ლარს) და სახლში, სადაც ვცხოვრობთ, დიდი ფართია ეს საზღვრის ქულის მაღლა სვლას“, – წერს მენთეშაშვილი.

ქალი საარსებო სახსრების მოსაპოვებლად როგორც სახლების დალაგებაზე, ისე საფლავების დასუფთავებაზე მუშაობს.

„არასდროს დამიწყვია გულზე ხელები და არ დავლოდებივარ ციდან რამის ჩამოყრას, მიმუშავია ფიზიკურად, არ მითაკილია არც საფლავების გასუფთავება და არც სახლების დალაგება, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარებს არაფერი მოკლებოდათ. ისიც ეყოფათ, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავთ“,- წერს ის.

მენთეშაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმების მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, რადგან დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა უარი უთხრა.

“- ვაგრძელებ ბრძოლას გადარჩენისთვის, ქარში თუ სეტყვაში, ყინვაში თუ სიცხეში ვიქნები დედაც და მამაც, ასე მარტო როგორც ვარ და არ დავიღლები, გპირდებით“,- წერს მაკა მენთეშაშვილი