Home ბლოგი ახმეტაში დაკავებულ ნევროპათალოგს კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ

ახმეტაში დაკავებულ ნევროპათალოგს კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ

ახმეტაში დაკავებულ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოპოვების მიზნით ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გაცემის საქმეზეა დაკავებული, კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ.

დღეს თელავის რაიონული სასამართლო ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ექიმი ლალი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„მაია, ჩემო მეგობარო, დღეს სასამართლოა. განსაკუთრებით მინდა იცოდე, მარტო არ ხარ. შენ გვერდით დგას უამრავი ადამიანი, ვისაც შენი სიკეთე, პროფესიონალიზმი და ადამიანობა ახსოვს.

ექიმობა მხოლოდ სპეციალობა არ არის, ეს არის ღვთისგან ბოძებული უნარი, სხვის ტკივილს შეეხო და იმედი დაუბრუნო. შენ ეს სიკეთე წლების განმავლობაში თესე და დღეს ის სიყვარულად და მხარდაჭერად გიბრუნდება!

სიმართლეს თავისი ძალა აქვს!”- წერს ნონიაშვილი.

მედიკოსს მხარდაჭერას უცხადებს ექიმი, ვასილ კობიაშვილიც.

“- სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ღირსეულ კოლეგას, მეგობარს და მჯერა, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება მალე გაბათილდება და ახმეტას დაუბრუნდება ნამდვილი ნევროლოგი და საუკეთესო პროფესიონალი მისი სახით“, – ამბობს კობიაშვილი.

„ჩემი მხარდაჭერა მაიას“, – წერს ექიმი ლალი კევლიშვილი.

მედიკოსის საქმის განხილვას, მოსამართლე მარინე ცერცვაძე დღეს, 13:30- ზე დაიწყებს.