დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 9 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებები კახეთის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად განახორციელეს.
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე ამოღებულია მცენარე კანაფისა და მარიხუანის ნიმუშები.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







