ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების მეშვიდე მსხვერპლი, 31 წლის ილია ისაევი დღეს ბათუმში დაკრძალეს.
ის 25 ნოემბერს, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
კაცს სხეულის 87% ჰქონდა დამწვარი და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ილია ისაევი იმ ბინის მაცხოვრებელი იყო, სადაც აფეთქება მოხდა. ის ფონიჭალაში გაიზარდა და 127-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას წარსულშიც ჰქონდა მძიმე ტრავმები მიღებული. სკოლის პერიოდში ისაევს ტრაილერი შეეჯახა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
მოგვიანებით, დედასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში კი აფეთქებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.
ტრაგედია 19 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად, გამათბობელში ბუნებრივი აირის დაგროვება დასახელდა. თუმცა, ოჯახი ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებოდა.







