Home ბლოგი კახეთის ორ სოფელში მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდა

კახეთის ორ სოფელში მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მიწის ნაკვეთები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია და ახალი დასახლებების მშენებლობისთვის მზადდება.

მიწების უცხოელებზე გასხვისებისა და სამოსახლო ნაკვეთებად დაყოფის შესახებ ვრცელ გამოძიებას „მთის ამბები“ აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდ ჩაილურში 120 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. ტერიტორია 173 სამოსახლო ნაკვეთად არის დაყოფილი. მიწები 2021 წელს გაიყიდა.

მიწის ნაკვეთები დიდ ჩაილურსა და მანავს შორის მდებარე მთასა და მთისძირს მოიცავს. ადგილობრივები ამ ტერიტორიას საძოვრებად იყენებდნენ.

გამოცემის ცნობით, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებამდე მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი შეუცვალეს.

ახალი დასახლების მშენებლობისთვის მიწები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანშიც არის დაყოფილი. აქ დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია 100-ზე მეტ სამოსახლო ნაკვეთად არის დაყოფილი.

ტერიტორია 2022 წელს დაფუძნებულ შპს „შინ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. კომპანია საქართველოს მოქალაქე მარიამ ტყემალაძემ დააფუძნა, თუმცა რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში წილი 1000 ლარად ეგვიპტის მოქალაქე აშრაფ ვალაა ემბაბი აბდელმკსოუდს გადაუფორმა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ჩალაუბანში მიწის ნაკვეთების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რეგისტრაციაც ამ პერიოდიდან იწყება. ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ შესწავლილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ნაკვეთების ნაწილი უკვე გაყიდულია და მათი მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გამოძიებაში საუბარია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩანადირთკარში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული კომპანიის მონაწილეობით, ახალი საცხოვრებელი დასახლების მოწყობა იგეგმება