Home ბლოგი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნინო ჭელიძე და მისი შვილი თაია ფხალაძე...

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნინო ჭელიძე და მისი შვილი თაია ფხალაძე დღეს ზესტაფონში დაკრძალეს

„დედა შიგნით დარჩაო, ბავშვები ყვიროდნენ“- ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი გამოცემასთან “მთავარი ამბები კახეთიდან” კორპუსის აფეთქების მძიმე დეტალებს იხსენებს.

თვითმხილველი აფეთქების შემდეგ, უშუალოდ ნინო ჭელიძის შვილების გადარჩენაში მონაწილეობდა.

“აფეთქების ხმა გავიგეთ და გავიქეცით, დაახლოებით 9 – ს ეკლდა 15 წუთი. ნელ-ნელა ხალხი სადარბაზოებიდან შეშინებული სახეებით გარეთ გამორბოდა. ატყდა წივილ-კივილი. ჩემს ახლოს ნაცნობი ბიჭი დავინახე და მას ვუთხარი, გავიქცეთ, რაღას ველოდებით, იქნებ ვინმეს დავეხმაროთ მეთქი.

მეორე სართულზე რომ ავირბინეთ, დავინახეთ ხის კარი და მივხვდით, რომ იქ შეღწევა კიდევ შეიძლებოდა. რადგან შევამტვრევდით და რკინის კარს რას უზამ, ჩაკეტილი იყო და თან კორპუსმა უკვე მიიღო დეფორმაცია.

დავიწყეთ ამ კარის შეტეხვა. ჩემს გვერდით მყოფი ზედ ეჯახებოდა, რომ გაეღო. იქ მყოფ მეზობლის ბავშვსაც ვთხოვეთ დახმარება და ასე ერთიანი ძალით შევამტვრიეთ კარი. მაგრამ, სინკარი იყო დაცემული ძირს და ის იჭერდა ბოლომდე ვერ ვაღებდით.

ვუთხარი, ზემოთ მხარეს გადავტეხოთ კარი მეთქი და იმ მხრიდან გადმოვიყვანეთ ჩვენსკენ ნინოს ორი შვილი. ესენი კი გამოვიყვანეთ, მაგრამ მათი ძმა არ ჩანდა. ბავშვები ყვიროდნენ, დედა შიგნით დარჩაო. კარში ისევ შევიხედე, მაგრამ სინკარი უკვე დაბლა იყო ჩატანილი, ფიზიკურად ჩვენ ვეღარ ვუშველიდით ნინოს.

ვეუბნებოდი ზემოდან ისევ ცვივა ნაშალი და ჩქარა, იქნებ თქვენ მაინც გადარჩეთ მეთქი, ხელს ვკრავდი ამ ბავშვებს. რომ ჩამოვედით, თავზე კენჭებით და ხრეშით ვიყავით სავსე. ჩამოვედით პირველ სართულზე და იქ უკვე ვეღარ გავჩერდით, რადგან აშკარად საშიშროება იყო. გარეთ რომ გამოვედი, დავინახე ამ გოგოების ძმა, მაშველებს მოჰყავდათ. თურმე საპირფარეშოში ჩარჩა ეს ბავშვი, რადგან კარი რომ გააღო, იატაკი აღარ დახვდა და მაშველებმა გამოიყვანეს.

ამ დროს უკვე ყველა ერთმანეთს აწყდებოდა, იყო წივილ-კივილი. ვეღარ გაარჩევდი, ვინ ყვიროდა მიშველეო. ზოგი დაბლა ჩამოსული მაღლა არბოდა, საკუთარი ოჯახის წევრის გამო.

თაია გადარჩა, რადგან სამკუთხედი ბუნკერი გაკეთდა და იქ აღმოჩნდა. პირველი სართულის ლალის კი დაუძახია თავისი ტყუპებისათვის, ფანჯრიდან გადახტითო. მაგრამ თვითონ ვეღარ მოასწრო საძინებლიდან გარეთ გამოსვლა. მაშველებმა იმუშავეს ძალიან ოპერატიულად, თავი არ დაუზოგავს არცერთს”,- ამბობს თვითმხილველი.

დაღუპული ნინო ჭელიძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე, დღეს ზესტაფონში დაკრძალეს. ტრაგედიას ოჯახიდან ნანგრევებში მოყოლილი, 3 წლის თაია გადაურჩა.