Home ბლოგი ლაშა პაპაშვილი საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო ინდოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის შესაძლებლობას განიხილავს

ლაშა პაპაშვილი საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო ინდოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის შესაძლებლობას განიხილავს

ლაშა პაპაშვილი საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, ინდოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის შესაძლებლობას განიხილავს.

ბიზნესმენმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსხვილ HR კომპანიებთან თანამშრომლობას ფიქრობს.

„- ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება“,- თქვა პაპაშვილმა.

ბიზნესმენის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტმა, ქეთი მოლაშვილმა პაპაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დაბალი ანაზღაურებისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ემიგრაციაში მიდის, ბიზნესის მხრიდან უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის განხილვა კითხვებს აჩენს.

ის ყურადღებას ამახვილებს პაპაშვილის საქმიანობაზე და წერს, რომ ბიზნესმენი ძმასთან ერთად მრავალპროფილურ ბიზნესჯგუფ „რედიქსს“ ფლობს, რომელიც სამშენებლო, სასტუმრო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით საქმიანობს.

მისი თქმით, პაპაშვილმა სიღნაღში არსებული ბიზნესინტერესების ფარგლებში, ბოდბის მონასტრის მიმდებარედ ყოფილი საავადმყოფოს შენობა შეიძინა და იქ მართლმადიდებლობის მუზეუმის მოწყობას გეგმავდა, თუმცა, პროექტი წლებია მიტოვებულია.

მოლაშვილი ასახელებს სიღნაღში მდებარე „კაბადონსა“ და თუშეთში არსებულ „სამზეოს“. მისივე ინფორმაციით, პაპაშვილის ბიზნესჯგუფში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1000 ადამიანია დასაქმებული.

„- რატომ? იმიტომ ხომ, რომ უფრო იაფი მუშახელია? ანუ წარმოიდგინეთ, ინდოეთიდან, უშორესი ქვეყნიდან, ღარიბი ხალხის ჩამოყვანას განიხილავენ, მაშინ, როცა საქართველო დაიცალა, ხალხი გარბის, ახალგაზრდობა აღარ შემოგვრჩა სოფლებსა და ქალაქებში. და რატომ? იმიტომ, რომ დაბალი ხელფასებია, კომუნალურები გაძვირდა, პროდუქტები გაძვირდა და ხალხს ხელფასი ვეღარ ჰყოფნის, ამიტომ გარბის ქვეყნიდან… მოდი, ხელფასები გავზარდოთ, მოდი, პირობები გავაუმჯობესოთ, მოდი, ნაკლები მოგება გვქონდეს და დასაქმებულები შევინარჩუნოთო. არა, ეგრევე ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეშის ხალხზე გადაერთვნენ“, – წერს მოლაშვილი.

აქტივისტი მიიჩნევს, რომ მსხვილმა ბიზნესმა ქვეყნის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელი შეუწყოს.