ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა იწყება.
შენობასთან პარტიების წარმომადგებლები არიან შეკრებილი და სხდომის დარბაზისკენ გადაადგილდებიან.
სარჩელი საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა შეიტანა.
“ქართული ოცნების” მოსარჩელე დეპუტატები ადგილზე დილიდან მივიდნენ.
მათი მოთხოვნა უკავშირდება შემდეგი პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფლების მოედანმა.”აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას გააპროტესტებენ.
სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები. პირდაპირი ტრანსლაცია დაგეგმილია პირველი არხისა და საკონსტიტუციო სასამართლოს YouTube-არხის საშუალებით.
საკითხის განხილვა დღეს დაიწყება და 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.




