სასამართლომ 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე გიორგი პაპაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თაზო მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარი დაბადების დღეზე ორთაჭალაში, გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
მიზეზი საშაურმეში ფულის მოპარვის სქემა გახდა. გავრცელებული ცნობებით, თაზო მთივლიშვილს, რომელიც ობიექტზე მუშაობდა, სალაროდან თანხის მოპარვასა და გიორგი პაპაშვილისთვის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ის უარს ამბობდა.
ნარკოტიკის ქვეშ მყოფმა პაპაშვილმა ახალგაზრდას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი თავში ხის საჭრელი დაფა ჩაარტყა.
პროკურორის ინფორმაციით, წაქცეულ ახალგაზრდაზე ძალადობა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგაც ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის მონაწილეებმა გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინაში დატოვეს. მოგვიანებით ცხედარი პაპაშვილის დედამ აღმოაჩინა.
მიმალვაში მყოფი ბრალდებული რუსეთში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.
მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირია მსჯავრდებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდათ ბრალად.
მსჯავრდებულია ბაირამ ალი გუსეინოვიც. რომელიც ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.
გიორგი პაპაშვილის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ 20 წლამდე პატიმრობა უფრო სამართლიანი სასჯელი იქნებოდა. ის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თაზო მთივლიშვილის დედამ, ეთერ აკოფაშვილმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა




