Home ბლოგი რუსუდან ტატუნაშვილი თავის შვილზე საუბრობს

რუსუდან ტატუნაშვილი თავის შვილზე საუბრობს

“რუსუდან ტატუნაშვილი ვარ. არჩილ ტატუნაშვილის დედა.

ჩემს შვილს დროშის ქვეშ ეძინა. აგერ, საწოლის თავთან ეკიდა დროშა და ძილის წინ ფრთხილად კოცნიდა.

დროშას ფეხს ვერ დააბიჯებდა.

სოფელ ივლიტაში დავიბადე. ახალციხეში. იქვე გავიზარდე. მერე ბორჯომში წამოვედი სასწავლებლად. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. იქ ერთო ბიჭი გავიცანი. გივი ერქვა. მომეწონა. მოვეწონე.

ცოლად გავყევი.

ყანჩავეთში გავყევი ცოლად. ახალგორის მახლობლად.

სამი შვილი გვეყოლა: თეიმურაზი, არჩილი და მარიამი.

არჩილი ჯერ ჯარში წავიდა. სავალდებულოში.

იქ შეუყვარდა ეს საქმე. მოერგო.

ვაზიანში გააგრძელა. კომანდოში.

ერაყში წავიდა მერე. როცა შვებულებით ჩამოდიოდა, ეზოში, ჭიშკართან აშოლტილ თუთას ფოთოლს მოწყვეტდა, ხელისგულზე დაიდებდა და ღრმად შეისუნთქავდა.

ამის ფასი არსად არაფერიაო.

ერაყში ყანჩავეთის მიწა წაიღო. ზურგჩანთაში ედო ცელოფანში გამოკრული. თან დაატარებდა. ერთმა მომიყვა, ამბობდა, ახლა რომ აგვაფეთქონ, თქვენ იკითხეთ, თორემ მე ქართული მიწა მაინც დამეყრებაო გულზე.

მანამდე, ერთხელაც, მეგობრებთან ერთად, ტყეში წავიდა ზაყორისკენ. საქონლისთვის ბალახის მოსაცელად. დანა არ ჰქონიათ თან. რომ მოგვშივდა, პომიდორი ცელის პირით გავჭერითო.

ტყიდან სამი კაცი დაადგათ თავზე. სამივე ავტომატით. თქვეს: ახლა ცხინვალში წაგიყვანთ და გაგყიდითო. ამ ლაპარაკში, არჩილმა ერთს, მათ მეთაურს, ავტომატზე ხელი აუკრა მარჯვედ და წაართვა. იქით მიუშვირა და ახლა მე წაგიყვან სადაც საჭიროაო. ის რო დაფრთხა და გაიქცა.

წამოიყვანა არჩილმა ტყვე და გზად კაცი დაეწია ცხენით. მოხუცი. მამა ვარ ამ ბიჭის. პატივი ეცი ჩემს ჭაღარს, მაჩუქე შვილიო.

აჩუქა არჩილმა. ავტომატიც დაუბრუნა. მხოლოდ ერთი ვაზნა წამოიღო – სამახსოვროდ მექნებაო.

მგონი მაშინ ჩაიდეს გულში არჩილი. თუმცა მიზეზი სხვაც ბევრი ჰქონდათ.

ომი რომ დაიწყო, არჩილი ოდნავ გვიან დააბრუნეს ერაყიდან და გორში ვეღარ შევიდა. სახლში გვიან შემოვიდა. ლოგინზე დაემხო და ხმით ტიროდა. იქ დაჭრილი ბიჭები იყვნენ და ვერ გამოვიყვანეო. საომრად ჩამოვედი და შინ უნდა დავიძინოო. ნეტავ ახლა გორის გადაღმა მქნაო და ასე.

დილით ვაზიანში დაბრუნდა. შუადღისას რუსები შემოვიდნენ.

პირველად ჩვენს სახლს მოადგნენ. ეტყობა არჩილზე იცოდნენ.

მე და გივი ვიყავით სახლში. კიდევ მამათილი ჩემი – არჩილი და დედამთილი – ბაბულია.

წიხლით შემოაღეს კარი. ყველაფერი გაჩხრიკეს. საწნახელი. საბძელი. გომური. ორმოებს ეძებდნენ.

მერე გინებ-გინებით წავიდნენ.

მეორე დღე უფრო მეტი ჯარისკაცი შემოვიდა ახალგორში. საქონელი გარეკეს. მაღაზიები გაძარვეს.

ლუდას ქარხანა იდგა ერთი. ის გატეხეს და ყუთები წამოიღეს. ტანკებზე ეწყოთ. მთელი ღამე სვამდნენ. დათვრნენ, ტანკზე შემოსხდნენ, ქუჩები დაირეს, ცარიელ ქილებს ეზოებში ყრიდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.

მე და ჩემი ქმარი წამოვედით.

მოხუცები დარჩნენ.

არჩილი, ტყე-ტყე გადადიოდა. მჭადიჯვრის მხრიდან იპარებოდა.

პაპას ყელში უნდა ვაკოცოო. ბაბოს შუბლი უნდა მივადოო შუბლი.

გვეშინოდა, მაგრამ არ იშლიდა.

2018 წელს, 22 თებერვალს, ორ მეგობართან ერთად შევიდა ახალგორში.

იმ დღეს დაიჭირეს. ცხინვალში წაიყვანეს. ის ორი ბიჭი გადაურჩა, უფრო ამისი ჯავრი ჭირდათ და იმ ორი ბიჭის მონაყოლი ვიცი, რაც ვიცი და დანარჩენი ჩემი ფიქრია.

ცხინვალში უთხრეს, ხიდის აფეთქება გინდოდაო. არა, მე ხიდების დამგები უფრო ვარო, ვიდრე ამფეთქებელი – ღიმილით უპასუხა არჩილმა.

რა გაცინებსო და კონდახი ჩაარტყეს ბორკილიანს.

წაქცეულს რუკა შემოუტანეს. აჩვენეს ნაწილი და უთხრეს, ხმამაღლა თქვი, რომ ეს მხარე საქართველო არ არისო.

არჩილმა ისევ გაიღიმა.

საქართველოს დროშა შემოიტანეს. დააბიჯეო და აღარ გაიღიმა არჩილმა – მოუქნია ბორკილიანი ხელი და წამოაქციეს. ცემდნენ უმაწყალოდ და ცემაში მოკლეს.

ძირს დაგდებულ დროშაზე ედო თავი, როცა ურტყამდნენ. დროშას უყურებდა ბოლო მზერით. დროშას სუნთქავდა. საკუთარი სისხლით სველ დროშას.

გულისჯიბეში თურმე ქაღალდი უპოვეს. ამ ქაღალდზე ლექსი ეწერა. აფხაზეთზე იყო დაუწერიათ ადრე ეს ლექსი და არჩილს აფხაზეთი ახალგორით შეუცვლია თავისთვის.

არჩილის ნაცვლად ვკოცნი დროშას და მშვიდად ვწვები.

ძილისწინ იმ ლექსს ვკითხულობ, გულთან რომ ედო არჩილს. ეს არის ჩემი ლოცვა. დედის ლოცვა.

დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს.

ვიცი, მისი სული სამოთხეში იქნება”.

წიგნიდან #ანწუხელიძე

ომის ნამსხვრევები

გიორგიკეკელიძე