Home ბლოგი ყოფილ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

ყოფილ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე 2021-2024 წლებში, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.

2026 წლის 12 აგვისტოს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით, პროკურატურას მიმართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ. მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და დაიკითხა. ასევე, გამოძიებასთან ითანამშრომლა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.

პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა სჭირდებოდა, რაც საიდუმლო შესყიდვების გზით უნდა განხორციელებულიყო.

ვასილ მხეიძე შესაბამისი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს დაუკავშირდა და შესთავაზა, შესყიდვები ისეთი ფორმით გამოცხადებულიყო, რომ კონკრეტულ კომპანიას გამარჯვება გარანტირებული ჰქონოდა. სანაცვლოდ კი მხეიძე ხელშეკრულების საერთო ღირებულების დაახლოებით 10%-ს ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა დამატებითი გარანტიები მოითხოვა, ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ შესყიდვების პროცესი კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ წარიმართებოდა.

შედეგად, სამ საიდუმლო შესყიდვაში 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი სახელმწიფომ 18 484 960 ლარად შეიძინა.

პროკურატურის ცნობით, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით, 1 900 000 ლარი გადასცა. აქედან მხეიძემ, 400 000 ლარი თავად დაიტოვა, დარჩენილი 1 500 000 ლარი კი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა.

ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით წარედგინა, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის ფიგურანტი სხვა პირები, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძე, უკვე მსჯავრდებულები არიან. ყოფილ თავდაცვის მინისტრს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართავს. ყოფილი პრემიერი ამჟამად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სასჯელს იხდის.