გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
მათგან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას – ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 45 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები – ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები და თერმული დურბინდები.














