სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის მხარდამჭერი განცხადება გავრცელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულმა ფეისბუკგვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ თამთა ქიმბარიშვილის პროფესიულ საქმიანობასა და გამოცდილებაზე ისაუბრა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიმბარიშვილი გამოირჩევა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით, იურიდიული განათლებითა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობით. ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მის მენეჯერულ უნარებზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებზე.
„-ნებისმიერი საჯარო პირის საქმიანობა შეიძლება გახდეს განხილვისა და შეფასების საგანი, თუმცა შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, პროფესიულ მიღწევებსა და რეალურ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თამთა ქიმბარიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში შექმნილ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობს.
ახალი სამმართველოს ფუნქციონირების დაწყების შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია 1 ივნისს გაავრცელა.





















