Home ბლოგი თელავში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღთან დაკავშირებით რეზოლუცია...

თელავში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს

„ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები – ნარატივი და ისტორიული რეალობა“

თელავში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღეს.

მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეფის დაბადების თარიღად 1720 წლის 7 ოქტომბერი უნდა განისაზღვროს.

“-კონფერენცია ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას საერთო მიზნის ირგვლივ აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, ისტორიულ ფაქტებსა და ანალიტიკურ კვლევებზე დაფუძნებით იმსჯელონ ერეკლე მეორის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეს გახლავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რადგან ქვეყნის განვითარება იწყება საკუთარი ისტორიის პატივისცემით. ჩვენ უნდა დავაფასოთ წინაპრების ღვაწლი და მომავალ თაობებს გადავცეთ ღირებული ცოდნა და ფასეულობები.

ერეკლე მეორე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამშობლოს გაძლიერებასა და აღმშენებლობაში. დღევანდელი დღე სწორედ იმას ეძღვნება, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართველი მეფის უდიდესი ღვაწლი და ხელი შევუწყოთ მისი მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებას თანამედროვე ეპოქის კონტექსტში,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და სხვა პირებმა.

კვლევა თავად ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს.

კონფერენციას ორგანიზება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუწია.