კახეთში, აპრილის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა – ქვეყნის მასშტაბით კი 156 დარღვევა დაფიქსირდა
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1 დან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 125 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება – ტრანსპორტირებას ეხება. 31-სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას.
19 შემთხვევაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ამ შუალედში დალუქულია ერთი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო ამოღებულია 254 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 48 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 36, კახეთი 24 და იმერეთი 19. დანარჩენ რეგიონებში მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
სამართალდარღვევა დაფიქსირდა თბილისიშიც, გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ერთი შემთხვევა.
მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტია გამოვლენილი, დალუქულია 20 არალეგალური სახერხი საამქრო.





















