2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 114-ე ადგილიდან 135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა
მონაცემი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2026 წლის ანგარიშშია ასახული. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანა ამ კუთხით რთულ მდგომარეობაშია.
3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საქართველოში მედიის მდგომარეობის შეფასების შესახებ უფლებადამცველი და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ.
მათი შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება სისტემური გამოწვევების წინაშეა. მათ შორის სახელდება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, ჟურნალისტების მიმართ მტრული რიტორიკა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტები, ასევე მედიის საქმიანობაში ჩარევა და სამართლებრივი რეაგირების ნაკლებობა.
ანგარიშებში ასევე აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი ინციდენტების ნაწილი გამოძიებული არ არის, რაც, მათი შეფასებით, დაუსჯელობის განცდას აძლიერებს და ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლას ზრდის.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მათი თქმით, დამოუკიდებელი მედია აგრძელებს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად გართულებულია.





















