ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან დეპუტატი მამუკა ნათელაძე წავიდა
“ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეულმა ნათელაძემ მანდატი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მან საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა და პოზიციიდან წასვლის მიზეზად ოჯახური გარემოებები დაასახელა. ზურაბ ჩხაიძემ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ოპოზიციის ინფორმაციით, დეპუტატის წასვლას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც, მათი მტკიცებით, ნათელაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ უარყოფითად ისაუბრა. თავად ნათელაძე აღნიშნულს უარყოფს.
„-თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? ჩემით წავედი, რატომ უნდა მეთქვა ოცნებაზე ცუდი?!“- განაცხადა მან გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ საუბარში.
საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს დეპუტატის წასვლის ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლო ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„-არ გამიგია და არ ვიცი, მან ვისთან რა ისაუბრა. თავად ბატონ მამუკას ჰკითხეთ. ნათელაძეს არ განუმარტავს წასვლის მიზეზი. არც მახსოვს, რა ეწერა განცხადებაში, არც ჩავეძიე, რადგან ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ჩხაიძემ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნათელაძის განცხადება სხდომაზე ცნობად მიიღო, ხოლო მის ნაცვლად, მანდატი პარტიის სიით მომდევნო კანდიდატმა, ჯონი ჩუბინიძემ ჩაიბარა.





















