ლაგოდეხში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, შმაგი ნოზაძის სახელობის ღონისძიება გაიმართა
გმირის მშობლიურ სოფელ ნინიგორში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთისა და მკლავჭიდის ტურნირი მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სოფლების გუნდებმა და ადგილობრივმა სპორტსმენებმა მიიღეს.
დღის განმავლობაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებიც იყო მოწყობილი.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების ძალისხმევით ჩატარდა.
ლაგოდეხელი გმირი შმაგი ნოზაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს IV ბრიგადის I ბატალიონის მებრძოლი იყო.
აგვისტოს ომის დროს, ის ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა და ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
27 აპრილი გმირის დაბადების დღეა. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, სოფელ ნინიგორში შმაგი ნოზაძის სახელობის ღონისძიება 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება.





















