ალაზანზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე.
ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ხიდსა და ბურჯებზე არსებული ზღუდარები, ბეტონის პარაპეტები, მოაჯირები და ტროტუარი.
მოხდა გაბიონის კედლების მოწყობა, სადეფორმაციო ნაკერების განახლება, ჰიდროიზოლაცია და ასფალტბეტონის საფარის დაგება.
პროექტის ღირებულებამ 1 096 500 ლარი შეადგინა.





















