წინანდალში კულტურის სახლისთვის როსაპ კუპატაძის სახელის მინიჭებას ითხოვენ
ინიციატივის ავტორები, ალა დათუკიშვილი, თინა კუპატაძე და გიორგი კუპატაძე არიან, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ.
ისინი მოუწოდებენ სოფლის მოსახლეობასაც, დააფიქსირონ მხარდაჭერა, რომ მოთხოვნას ოფიციალური სახე მიეცეს.
მათივე განმარტებით, როსაპ კუპატაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის სახლს და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მის შენარჩუნებასა და განვითარებაში.
განსაკუთრებით გამოირჩევა მისი როლი 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში კულტურის კერები ნადგურდებოდა. მათი თქმით, სწორედ მისი ძალისხმევით შენარჩუნდა შენობა, სცენა და კინოფონდი.
კუპატაძე არა მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწეოდა, არამედ აქტიურად იყო ჩართული კულტურულ ცხოვრებაში. მუშაობდა როგორც შემოქმედი, ზრუნავდა ინფრასტრუქტურაზე და სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა კულტურის სახლს, – ნათქვამია განცხადებაში.
ინიციატორები მიიჩნევენ, რომ კულტურის სახლისთვის მისი სახელის მინიჭება იქნება ადამიანის ღვაწლის დაფასება და მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
მიმართვას ამ დროისთვის 146 – მა ადგილობრივმა უკვე მოაწერა ხელი.





















