18 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში „პასკის ფესტივალი 2026“ გაიმართება
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და მრავალფეროვან გასართობ და კულინარიულ პროგრამას მოიცავს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი კულინარია, პასკის სხვადასხვა სახეობა, ფერადი კვერცხი, ჩირი და სხვა ტრადიციული ნუგბარი.
გაიმართება რაჭული კერძების დეგუსტაცია, ასევე თონეში შოთი პურის ცხობისა და ტრადიციული წესით „ლაგოდეხური პასკის“ მომზადების მასტერკლასები. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების ქართული ღვინოც.
ღონისძიებაზე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და კერამიკის გამოფენა-გაყიდვა, მათ შორის შშმ ბავშვთა ნამუშევრების წარმოდგენაც.
ნორჩი მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ და ადგილზე გაიმართება ხატვის მასტერკლასები, სააღდგომო კვერცხების მოხატვა და სახეზე ხატვა.
ბავშვებისთვის სპეციალურად მოეწყობა გასართობი სივრცე ატრაქციონებითა და ბატუტებით.
ფესტივალი დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.





















