Home ბლოგი კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები

კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები

კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები

რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მათ შორის, იმყოფებოდნენ სოფელ ველისციხეში, სადაც დაზიანებულია ე.წ. „ჟორსის ხიდი“, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე დურუჯზე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, მდინარე ნინოსხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებზე.

„-პირველი ნაბიჯები დროულად იქნა გადადგმული და მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა სამინისტროებთან კოორდინაციაში. შედეგად, რეგიონში სწრაფად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება შესაბამის ლოკაციებზე და გადაუდებელი სამუშაოები დროულად დაიწყო.

ჩვენი ჩამოსვლა უკვე ემსახურება შემდეგი ეტაპის დაგეგმვას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, განსაკუთრებით პრობლემურ ლოკაციებზე. სოფელ ველისციხეში დაფიქსირდა ხიდის დაზიანება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა და უმოკლეს ვადებში გამოცხადდება ხიდის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები.

რაც შეეხება ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, გარკვეული სირთულეები შექმნა ადიდებულმა მდინარეებმა. ამ შემთხვევაშიც, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და უმოკლეს ვადებში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს არსებული ვითარების სრულყოფილად მოგვარებას“,-განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.