პოლონეთის პროკურატურამ მამაკაცის ფოტო გაავრცელა, რომელიც პოზნანში, 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ძებნილად გამოცხადდა
48 წლის ნაზგური ქავთარაშვილს საკუთარი შვილის ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა და მისთვის დახმარების არ გაწევა ედება ბრალად.
„მთავარ ამბებს კახეთიდან“ პანკისის ხეობაში დაუდასტურეს, რომ კაცი სოფელ დუისიდან არის.
ადგილობრივების თქმით, მას პანკისში ორი შვილი ჰყავდა. მოგვიანებით საცხოვრებლად სხვა სოფელში გადავიდა, სადაც გაეცნო გარდაცვლილი ბავშვის დედას და მასთან ერთად, პოლონეთში გაემგზავრა.
საქმის მასალების მიხედვით, ჩვილი 2 აპრილს მძიმე მდგომარეობით პოზნანის პედიატრიულ ცენტრში შეიყვანეს, სადაც 8 აპრილს გარდაიცვალა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვს აღენიშნებოდა თავის ქალის მოტეხილობა, ტვინის დაზიანებები და სხეულზე მრავლობითი ძველი და ახალი ტრავმები, რაც სისტემატურ ძალადობაზე მიუთითებდა.
დაკავებულია დედა და მისი ორი ნაცნობი, რომლებსაც ჩვილის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება ედებათ ბრალად.
ნაზგური ქავთარაშვილის მიმართ გამოცემულია დაუსწრებელი პატიმრობის ორდერი. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მისთვის ნებისმიერი სახის დახმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
გამოძიება არ გამორიცხავს ბრალის დამძიმებასაც, რაც შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთამდე მივიდეს.





















