პოლონეთში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, დაკავებულია ბავშვის დედა, ძებნა გამოცხადდა მამაზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქართველია
შემთხვევა ქალაქ პოზნანში მოხდა. ბავშვი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით პარასკევს შეიყვანეს.
მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ ძალადობაზე მიუთითებდა.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი, ბავშვის დედა, და ორი მამაკაცი, რომლებიც მოლდოვის მოქალაქეები არიან.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ბავშვის დედა მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პროცედურას იტარებდა. ბავშვი კი ნაქირავებ ბინაში მამასთან და მის ორ ნაცნობთან ჰყავდა დატოვებული.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე.
აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





















