საქართველოში დენი გაძვირდა – პირველი აპრილიდან კილოვატსაათ ელექტროენერგიაში მოსახლეობა ხუთი თეთრით მეტს გადაიხდის, კომერციული აბონენტებისთვის კი ტარიფი საშუალოდ 4-6 თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. ფასის ზრდა ელექტრო გამანაწილებელმა კომპანიებმა მოითხოვეს. ისინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავენ და როგორც განმარტავენ, მიზანი ქსელის მოწესრიგება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფაა.





















