Home ბლოგი კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ორი ფაქტი გამოავლინეს

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ორი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ორი ფაქტი გამოავლინეს

ერთი შემთხვევა პანკისის ხეობაში, სოფელ შუა ხალაწანში დაფიქსირდა. სამართალდამრღვევს, კუთვნილ რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, წიფლის სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან მიღებული, დაახლოებით 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

მეორე ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის მიმდებარედ გამოვლინდა, სადაც მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი ვერხვის 6 ძირი ხისგან 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადა.

აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით უკვე გადაეგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

უწყების ცნობით, გასულ წელს მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.