სამართალდამცველებმა 626 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს – ღირებულება 19 მილიონ ლარამდეა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.
უწყების ინფორმაციით, საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში, ინსინერატორში გაანადგურეს. მათ შორის იყო: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „კეტამინი“, „ამფეტამინი“, „კანაფი“, „ტჰკ“, „კლეფედრონი“, „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „კოდეინი“ და „მარიხუანა“.
ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





















