ყვარლის ცენტრში მიტოვებული შენობა ჩამოშლის საფრთხის ქვეშაა
“-ჩამოშლილია კედლის ნაწილი და არსებობს ჩამოცვენის საფრთხე. გთხოვთ, ამ ადგილზე გაიაროთ მაქსიმალური სიფრთხილით და ნუ გაჩერდებით შენობასთან ახლოს. შესაძლებელია ჩამოვარდეს ნამსხვრევები და ზიანი მიაყენოს გამვლელებს!”-
გაფრთხილება ყვარლის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და დახმარება ითხოვეს.
ქალაქის შუაგულში მდებარე შენობაში, ათეულობით წლის წინ რესტორანი იყო, თუმცა, ახლა შესაძლოა პრობლემად ექცეს მოსახლეობას, ვინაიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს მდებარეობს.
მოქალაქეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან უპასუხეს.
-“აღნიშნული შენობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას, არის სარეაბილიტაციო მდგომარეობაში. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება”, – განმარტა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა ფილიშვილმა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ქალაქის ცენტრში არაერთი მიტოვებული შენობაა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა სავაჭრო ან სხვა ტიპის ცენტრებად.





















