Home ბლოგი თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება. ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობის აღდგენა და ამოგოზვა. საკურთხეველში კონქისა და აგურის ტრაპეზის ქვის ნაწილობრივი შელესვა კირის ხსნარით. ასევე, დამზადებულია სამხრეთისა და დასავლეთის კარები, ხის კანკელი.

ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია.

დასკვნით ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება იატაკს, აღდგება დასავლეთის კარის წირთხლი, აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდება სარკმლის თავსართი, მოეწყობა სამხრეთისა და დასავლეთის კარი და ჩაისმება ხის კანკელი.

პროცესს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ადგილზე გაეცნო.

“-მეფე ერეკლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. თელავი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენი სულიერების, იდენტობისა თუ ტურიზმის კუთხით. ამდენად, აქტიურად ვმუშაობთ კომპლექსის მაღალ დონეზე რეაბილიტაციისა და ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციისთვის”, – თქვა რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მინისტრი ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე თელავის ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენასაც ესტუმრა.