Home ბლოგი თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძა იყო –...

თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძა იყო – ამის შესახებ ღლონტი სოციალურ ქსელში წერს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძა იყო – ამის შესახებ ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

“-?ჩემთვის ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ორმაგი ტრაგედიაა. მოკლულია ბიძაჩემი, სავარაუდო მკვლელი კი ჩემი მშობლიური კუთხის შვილია.

დანაშაულის იარაღი – დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ის ოჯახის მზრუნველი მმართველი, შვილებისა და შვილიშვილების გულისხმიერი მამა და ბაბუა იყო. როცა შეიტყობდა, რომ ნაცნობს თუ უცნობს შვილი გარდაეცვლებოდა, ჭირისუფალივით მიდიოდა მათ ოჯახში და გულმოკლულ მშობლებს სამძიმარს უცხადებდა.

კაცისკვლას არავითარი გამართლება არ აქვს და ვერ ექნება, უნდა აღსრულდეს სამართალი!

ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა. ყველა დეტალს პირადად, ოჯახის წევრებთან ერთად გავეცნობი.

საქმეში ჩართულია ჩემი უახლოესი მეგობარი და სანდო ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს ბოლომდე, აბსოლუტური სიზუსტით და სიმტკიცით მივყვები.

აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება.

კაცისკვლა არის ბუნებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც შენდობა არ აქვს,”- წერს ღლონტი.

შეგახსენებთ, ვახტანგ ჩიქოვანი 18 ნოემბერს, თბილისში მოკლეს. სამართალდამცველებმა 67 წლის ბიზნესმენი, გელა არობელიძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ჩიქოვანი და არობელიძე მკვლელობამდე რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ.

მოკლულს დანით ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავდა თავად დაკავებულიც. ოჯახის ადვოკატის თქმით, მხარეები ერთმანეთს მანამდე არ იცნობდნენ.

ლექსო სვიმონიშვილი ბიზნესდავას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი წარსულში არსებულ გარემოებებს უკავშირდებოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არობელიძე დანაშაულს აღიარებს და პოლიციას მომხდარის შესახებ თავად აცნობა.

მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

არობელიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.