გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კაცი, 42 წლის ლევან მელიქიშვილია
უბედური შემთხვევა 27 თებერვალს, დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
მელიქიშვილმა საცხოვრებელ ბინაში კუსტარულად დაამონტაჟა ღუმელი, რამაც აფეთქება გამოიწვია.
გაზის კომპანიის ხელმძღვანელის, თემურ გოგილაშვილის ინფორმაციით, კომპანიისათვის ფაქტის შესახებ ცნობილი მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ გახდა.
დაზარალებული კატასტროფის სამსახურის ჯგუფმა რაიონული კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
თუმცა, მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ლევან მელიქიშვილი გარდაიცვალა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.





















